ადრე თუ ივანიშვილის ნაბიჯებს ძნელად თუ ვინმე გათვლიდა და თითქოს არც რაიმე კონკრეტულ ლოგიკას ექვემდებარებოდა, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოვან მმართველს, ჩრდილზე იშვიათად ვხედავთ და ისიც კი დაგვავიწყდა, რეალურად როგორ გამოიყურება, იგი საქართველოში ყველაზე პროგნოზირებად პოლიტიკოსად იქცა. იმისთვის, რომ გამოვიცნოთ, თუ როგორ მოიქცევა მილიარდერი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაუფლება და კაპიტალია, საკმარისია ორი ფაქტორი და მათ შორის კავშირი, ან გადაკვეთა-კორელაცია გავიაზროთ და გავითვალისწინოთ: რაც უფრო იზღუდება დემოკრატია, მით უფრო იზრდება მისი ძალაუფლება, და რაც უფრო მაღალია პოლარიზაცია, მით მარტივია ძალაუფლების შენარჩუნება.
ანუ, მისი მოტივია, ერთის მხრივ, დემოკრატიისა და ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკურ მოთამაშეთა მრავალფეროვნების შეზღუდვა, მეორეს მხრივ კი პოლიტიკური პოლარიზაციის მუდმივი ზრდა.
ახლა ჩვენი ფორმულა პრაქტიკულ მაგალითზე შეგვიძლია შევამოწმოთ. ხოშტარიას და ნათელაშვილს ცოტა ხნით თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა რაში დაჭირდა ივანიშვილს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე კონსტრუქციული და დემოკრატიული გადაწყვეტილებებისკენ მიდრეკილი ჯაფარიძის პარლამენტს მიღმა დატოვება? პასუხი მარტივია: სწორედ იმიტომ, რომ ის ყველაზე კონსტრუქციულია დასავლეთთან შესაბამისი კავშირებით და მათივე აღიარებით.
ბიძინას კი არც კონსტრუქციული პოლიტიკა სჭირდება პარლამენტში, არც დასავლეთის მეტი ჩართულობა და არც ღირებულებებსა თუ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე დამყარებული პოლიტიკა. მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი პოლარიზაცია, ნაკლები კონსტრუქციულობისკენ მიდრეკილი ოპოზიციური მოთამაშე და მარტო მდგარი ნაცმოძრაობა, როგორც მთავარი სპარინგ პარტნიორი პარლამენტშიც და ქუჩაშიც.
სწორედ იმიტომ მიერეკება ქართული ოცნება პარტიების ნაწილს პარლამენტიდან, რომ პოლიტიკური სივრცის ყველა სეგმენტში კვლავ ემოციური კომპონენტი გააძლიეროს და უსამართლობა დაამკვიდროს, რაზეც ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული პასუხი სისუსტედ იქნება აღქმული. ეს კი სერიოზულად შეაფერხებს ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობის ახალი გეგმის განხორციელებას, რომელიც თავისი არსით არა ემოციურ მუხტზე, არამედ პრაგმატულ გათვლებზე და ოპოზიციის მაქსიმალურ ერთიანობაზეა დამყარებული და რომელმაც გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა კიდეც.
ამ ნაბიჯებით ოპოზიციამ არაერთი ქალაქის საკრებულოში ქართულ ოცნებას ძალაუფლება წაართვა და სერიოზული პრობლემებიც შეუქმნა.
და რა უნდა ქნას ამ ვითარებაში ოპოზიციამ? პასუხი აქაც მარტივია: იგივე ფორმულა უნდა გამოიყენოს რასაც ივანიშვილი იყენებს, ოღონდ პირიქით: პოლარიზაცია შეამციროს, ოპოზიციური ერთობა და მრავალფეროვნება კი მაქსიმალურად გაზარდოს. ჯერჯერობით კი სურათი ასეთია: გვყავს ბიძინა "პროგნოზირებადი" და ოპოზიცია, რომელიც ყველაფერში ერთიანი ვერასოდეს იქნება და არც უნდა იყოს. ეგაა, რომ ერთიანობა იმაში მაინც უნდა გამოავლინოს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის არსებობას შანსი მაინც შეუნარჩუნოს.